ზაქარია ფალიაშვილი





ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი (დ. 4 აგვისტო/16 აგვისტო, 1871, ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი . ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იგივე ეკლესიის გუნდში, 1887-იდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891-იდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 - თეორიული დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896-იდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.

1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი, 1908-1917 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“, დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), „ქართული ლიტურგია“ (1910), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული - „40 ქართული ხალხური სიმღერა“ (1910) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერა „აბესალომ და ეთერზე“, რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა.

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნუმუშია. იგი თანამიმდევრულად რეალისტურია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, გადაწყვიტა რა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები - მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.


მაღალმხატვრული თვისებით, მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის მეორე შესანიშნავი ქმნილება ოპერა "დაისი" (ლიბრეტო ვ. გუნიასი), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. მხატვრულ სახეთა სიმდიდრემ და ფერადოვნებამ, მუსიკის იშვიათმა პოეტურობამ და გამომსახველობამ, ნათელმა მელოდიურობამ განაპირობა ოპერის ისტორიული მნიშვნელობა და პოპულარობა. ოპერაში შეხამებულია ლირიკულ-სატრფიალო და გმირულ-პატრიოტული მოტივები. გმირთა პირადი დრამა ცოცხალ და ფერადოვან ჟანრულ ფონზე იშლება. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა-ათაში (1943), ბაქოში (1956), აგრეთვე სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა და გორკიში. 1974 დაიდგა ზააბრიუკენში, 1975 - პლეზენში. გამოცემულია "დაისის" კლავირი და პარტიტურა. ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე.


ფალიაშვილი ქართულ ორლარიანზე

No comments:

Post a Comment